HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

15.10.2010 მიწის ბაზრის განვითარების ცამეტწლიანი პროგრამა საქართველოში დასრულდა


მიწის ბაზრის განვითარების პროგრამა, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ყველაზე გრძელვადიანი პროექტია საქართველოში, 2010 წლის სექტემბერში დასრულდა.

პროექტს 2001 წლიდან ახორციელებდა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელიც იყო პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც პირდაპირ, შუამავალი ორგანიზაციის გარეშე მიიღო გრანტი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან.

პროექტის განხორციელება საქართველოში 1997 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში მისი მიზანი იყო ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა; მიწის მართვასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება; იმ სასოფლო მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით; საკადასტრო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა და მიწის კადასტრის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; მოსახლეობის ინფორმირება და მათი ცოდნის ზრდა მიწის და უძრავი ქონების საკუთრების უფლებებზე; სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში დარეგისტრირდა 2.5 მილიონი სასოფლო მიწის ნაკვეთი და მათ მფლობელებს უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატები; მომზადდა მთელი რიგი კანონპროექტები, საკანონმდებლო აქტების და დებულებების პროექტები, რომლებიც მიღებული იქნა პროექტის ხელშეწყობით; ჩატარდა ასობით სემინარი და ტრენინგი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის და შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ოფისებისთვის, მიწის მართვაზე, ადმინისტრირებასა და პრივატიზებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომისიებისთვის და ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურებისთვის, რამაც ხელი შეუწყო ამ ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას; ჩატარდა მიწის საკუთრების საკითხებზე ფართომასშტაბიანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ქვეყნის მასშტაბით;   ათასობით მიწის მესაკუთრემ მიიღო უსასყიდლო კონსულტაცია და დახმარება მიწასთან  დაკავშირებულ საკითხებზე; მომზადდა და პროექტის ხელშეწყობით მიღებული იქნა კანონი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის  პრივატიზების შესახებ, რომლის საფუძველზედაც განხორციელდა სასოფლო მიწის ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია ქვეყანაში; მომზადდა სასოფლო მიწის პრივატიზების გეგმები 500-ზე მეტი საკრებულოსთვის; 100 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის იდენტიფიცირებული იქნა 680 დიდი ფართობის მიწის ლოტი; პროექტის ხელშეწყობით პრივატიზებული იქნა 220,000 ათასზე მეტი ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო მიწა.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პროექტის საქმიანობა ასევე ფოკუსირებული იყო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი იძულებით გადაადგილებული პირების ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციაზე. ამ საქმიანობის შედეგად შეიქმნა ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც აღირიცხა 15660 ქონების ერთეული (სახლები და  მიწის ნაკვეთები), რომლებიც მიტოვებული იქნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად; ასევე აიზომა და დარეგსტრირდა 4000-ზე მეტი სახლი და საკარმიდამო ან/და სასოფლო მიწის ნაკვეთი, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცათ დევნილებს საქართველოს მთავრობის მიერ.

პროექტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის განხორციელებაში; მიწაზე საკუთრების უფლებების განმტკიცებაში; სასოფლო მიწის ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის განხორციელებაში; მიწის მართვის და ადმინისტრირების ეფექტიანი მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; მიწასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში; მიწის კადასტრის და საკუთრების უფლებების რეგისტრაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაში.