HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

13.09.2010 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია პრივატიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას, როგორც უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედ გამოცდილ საბროკერო აგენტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე ენიჭება სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის ინიცირების უფლება.

მემორანდუმის საფუძველზე ასოციაცია მოიძიებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონებას, რომელზედაც არ არსებობს სხვა პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება და მოამზადებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას;  ასოციაცია ასევე მოიძიებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან აქციების და წილების შეძენით დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს და იშუამდგომლებს სამინისტროსთან  კონკრეტული უძრავი ქონების ან აქციების აუქციონზე ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პროცესის დასაწყებად.

სამინისტროსთან უძრავი ქონების გასაყიდი ფასის შეთანხმების შემთხვევაში გამოცხადდება შესაბამისი აუქციონი. ინვესტორის მიერ ქონების პირდაპირი შეძენით დაინტერესებისას უძრავი ქონების ღირებულება უნდა აღემატებოდეს 200 000 აშშ დოლარს;  პოტენციურმა მყიდველმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ობიექტის განვითარების გეგმა და შესაბამისი ინვესტიციის მინიმუმ 10%-ის საბანკო გარანტია. დაინტერესების შემთხვევაში სამინისტრო იშუამდგომლებს საქართველოს მთავრობასთან სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

სამინისტროს და ასოციაციას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებს და ეფექტიანობის ზრდას.