| English version |
|
|||
|
|
25.06.2009 USAID და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ხელს უწყობენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებების რეგისტრაციას
საკონსულტაციო ცენტრი მუშაობს იმ მოსახლეობის მიწასთან და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე, რომლებზედაც გავლენა მოახდინა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა. ცენტრი ქმნის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული და გასულ ზაფხულს აგვისტოს მოვლენების შედეგად მიტოვებული უძრავი ქონების მონაცემთა ბაზას, რათა აღდგენილი იქნეს ქურთისა და ერედვის სარეგისტრაციო სამსახურების განადგურების შედეგად დაკარგული სარეგისტრაციო მონაცემები. ცენტრი ეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს მათ მიერ მიტოვებული სახლებისა და მიწის ნაკვეთების სატელიტურ ორთოფოტოებზე იდენტიფიცირებაში, ამ ქონებაზე საკუთრების უფლებების დადასტურებასა და მიწის ნაკვეთების/შენობების საჯარო რეესტრის ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებაში.
საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობას აფინანსებს USAID, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს ხალხისათვის გამოყოფილი 1-მილიარდი დოლარის დახმარების ფარგლებში. ცენტრის საქმიანობას წარმართავს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელსაც აქვს USAID-თან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ USAID-ის დაფინასებით და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ტექნიკური დახმარებით საქართველოს მთავრობის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გადაცემული სახლები და საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში უკვე დაურეგისტრირდა 1172 ოჯახს, მიმდინარე თვეში საკუთრების უფლებები დაურეგისტრირდება 1088 ოჯახს, ხოლო წლის ბოლომდე - კიდევ 4207 ოჯახს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს USAID-ის კავკასიის მისიის მოქმედმა დირექტორმა იოაკიმ პარკერმა, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორმა დავით გიორგაძემ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ ბექა თორიამ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სერგო წიქარიშვილმა, ადგილობრიივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროექტის ბენეფიციარებმა, რომელთაც დადებითად შეაფასეს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობა და აღნიშნეს ცენტრის საქმიანობის შედეგების განსაკუთრებული მნიშვნელობა. |
|||
|
|
||||