HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

16.04.2009 უძრავი ქონების ამზომველებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ


უძრავი ქონების ამზომველებს, რომლებმაც გაიარეს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამები, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადეცათ.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ უკვე მოამზადა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 15 სპეციალისტი, რომლებმაც სწავლებისას მიიღეს თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები, დაეუფლნენ უძრავი ქონების ამგეგმავის პროფესიას და წარმატებით გაიარეს სერტიფიცირების პროცესი.

სერტიფიცირებული ამგეგმავების შესახებ მონაცემები განთავსდება როგორც მიწის მესაკუთეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს (www.certification.org.ge), ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.reestri.gov.ge), რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს მოძებნოს სერტიფიცირებული ამზომველი და  მომსახურების მისაღებად შეარჩიოს ნებისმიერი მათგანი.

ამჟამად საქართველოში რამდენიმე ასეული დამოუკიდებელი ამგეგმავი საამზომველო კომპანია მოღვაწეობს, რომელთა უმრავლესობა სრულად ვერ უზრუნველყოფს უძრავი ქონების საამზომველო სამუშაოების მაღალხარისხიან შესრულებას, რაც სირთულეებს უქმნის ამ მომსახურებით მოსარგებლე კლიენტებს. მაგალითად: საჯარო რეესტრში არაზუსტი აზომვითი ნახაზის წარდგენის შემთხვევაში იქმნება პრობლემები უძრავი ქონების რეგისტრაციისას.

უძრავი ქონების ბაზარზე მაღალკვალიფიციური ამგეგმავების არსებობა კი მსგავს პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანს.