HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

28.03.2008 მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი საქმიანობას აგრძელებს


მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი – მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთობლივი ოფისი გააგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის უსასყიდლო იურიდიულ დახმარებას და ამ დახმარებასთან ერთად რეგიონში მოქმედ კერძო კომპანიებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ფასიან მომსახურებებსაც შესთავაზებს.

მიმდინარე წლის 27 მარტს მარნეულის გამგეობის შენობაში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტის  – უფასო იურიდიული კონსულტაციები ადგილობრივი მოსახლეობისათვის/საზოგადოების ინფორმირება – შედეგების შესახებ. პროექტი ხორციელდება მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრისა და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის, რეგიონში მოქმედი ბანკებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები. 

 კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა მიერ შესრულდა მნიშვნელოვანი სამუშაოები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკონსულტაციო ცენტრმა იურიდიული დახმარება გაუწია 1216 პირს, მოაწყო 100-ზე მეტი გასვლითი შეხვედრა რაიონის სოფლებში და  12 შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან, სადაც ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის, მელიორაციის სისტემის მოწესრიგებაზე, საპასპორტო და  მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახურის სისტემისა და საჯარო რეესტრის მომსახურების გაუმჯობესებაზე; გაავრცელა  საინფორმაციო ბუკლეტები ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.  ასოციაციის ჟურნალში  “მიწის მესაკუთრე” სისტემატურად შუქდებოდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის საინტერესო საკითხები.

საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა 2006 წლის მაისში. ცენტრის მიზანია მარნეულის მოსახლეობისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, მათი ინფორმირება რეგიონში არსებული სპეციფიკური პრობლემების შესახებ და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზების გამოძებნა. ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური იურისტებით, რომლებიც საუბრობენ აზერბაიჯანულად და ამგვარად ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ცენტრში მოქმედებს უსასყიდლო ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას შეუძლია დააფიქსიროს ნებისმიერი საჩივარი, პრობლემა ან უფლების დარღვევა და მიიღოს რჩევა და  დახმარება.  

ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო კომპანიებს სასამართლოში უფლებების დაცვას, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან სადავო და პრობლემატური საკითხების კოორდინაციას და სამართლებრივ მხარდაჭერასაც სთავაზობს.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება, კერძოდ, მიწისა და სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეებისა და მოსარგებლეების მოძიება, დადგენა, დოკუმენტაციის მოკვლევა და ანალიზი, მიწასა და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების აღიარება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრაცია,             ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში.

ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადეს ასოციაციას და დონორ ორგანიზაციებს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნეს, რომ საჭიროა პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაგრძელება, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საკონსულტაციო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამომავლოდ იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამართლებრივი დახმარების გაგრძელება და ცენტრის საქმიანობის განვრცობა რეგიონის მასშტაბით.  ცენტრის საქმიანობას ასევე დაემატება ფასიანი მომსახურებები, რაც მოიცავს: 1) მიწაზე უფლებების (საკუთრება, ნასყიდობა, იჯარა, იპოთეკა და ა.შ.) რეგისტრაციის ხელშეწყობას; 2) ქონების ლეგალიზაციის ხელშეწყობას;  3) მიწაზე აზომვითი სამუშაოების ჩატარებას.  აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.