HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

26.10.2007 მიწის ბაზრის განვითარების პროექტი ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელთა სწავლებას განახორციელებს


USAID-ის მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში, ჩაატარებს ტრენინგებს სარეგისტრაციო განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ვებ-პროგრამის მომხმარებლებისათვის. 

ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაინტერესებულია გახდეს სააგენტოს მიერ შექმნილი სარეგისტრაციო განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ვებ-პროგრამის მომხმარებელი, შეუძლია წარადგინოს განაცხადი ტრენინგში მონაწილეობისათვის.

ვებ-პროგრამა უკვე წარმატებით დაინერგა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, გარდაბნის და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურებში.  წლის ბოლომდე პროგრამა  ამოქმედდება თელავში, მარნეულში, გორში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში და სხვა რამდენიმე ქალაქში.

ვებ-პროგრამის გამოყენების მსურველთა რაოდენობა, განსაკუთრებით რეგიონებში, ყოველდღიურად იზრდება. პროგრამის მომხმარებლებისათვის სასწავლო კურსების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და თანამედროვე სარეგისტრაციო სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებას.

კერძო კომპანიების წარმომადგენელები და დაინტერესებული ფიზიკური პირები სურვილის შემთხვევაში გაივლიან ტესტირებას, რომლის საფუძველზედაც მიიღებენ მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოში შემუშავებული ვებ-პროგრამის გამოყენებით უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს - ბანკებს, ბროკერებს, უძრავი ქონების სააგენტოებს, ნოტარიუსებს და სხვებს, შეუძლიათ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით მიიღონ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს საკუთარი კლიენტების სახელით აწარმოონ სარეგისტრაციო სამსახურებთან ურთიერთობა, სარეგისტრაციოდ წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია და მიიღონ მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები. კერძო კომპანიები ან ფიზიკური პირები, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან გააფორმებენ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, ამ პროგრამის ავტორიზებული მომხმარებლები გახდებიან და თითოეულ  მათგანს  მიენიჭება პროგრამის ერთიან მონაცემთა ბაზაში შესვლის ინდივიდუალური ნებართვა.