HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

05.11.2007 იცვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ზოგიერთი წესი


საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს მიიღო კანონი  “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ კანონში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც შეიცვალა სასოფლო მიწის პრივატიზების ზოგიერთი წესი. ცვლილებები ძალაში 16 ნოემბერს შევიდა.

ახალი კანონის მიხედვით პრივატიზების ფორმებს დაემატა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, რაც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდება. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას დაექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი ან/და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ამ ფორმით შეძენილი მიწის ნაკვეთების საფასურის ოდენობა, გადახდის ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

როგორც მთავრობის წარმომადგენელები განმარტავენ, პრეზიდენტი კონკურენტული შერჩევის გზით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ინვესტორს მიწის კონკრეტული ფართობი განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად დასჭირდება. მიწის გაყიდვის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღებამდე ინვესტორის წინადადების მიზანშეწონილობას შესაბამისი პროფილის სამინისტროები შეისწავლიან, სადაც წარდგენილ პროექტებს მაღალკვალიფიციური და გამჭირვალე ექსპერტიზა ჩაუტარდება. ექსპერტიზის და სამინისტროების დასკვნები  განსახილველად გადაეცემა მთავრობას. ინვესტორისათვის მიწის პირდაპირი მიყიდვის შესახებ  გადაწყვეტილებას პრეზიდენტი დარგობრივ სამინისტროებში  ჩატარებული ექსპერტიზისა და მთავრობის დასკვნების გაცნობის შემდეგ მიიღებს.

გაფართოვდა მიწის ის კატეგორიები, რომელთა პრივატიზება შესაძლებელი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში პრივატიზება დაიშვება პირუტყვის გადასარეკ ტრასებზე, რეკრეაციული დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებულ ტყის ფონდის მიწებზე. აღნიშნული მიწების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. პრივატიზებას დაექვემდებარება ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფორმის ფონდისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწა. კანონის მიხედვით ასევე დაკონკრეტდა წყლის ფონდში არსებული მიწების ის კატეგორია, რომელიც პრივატიზებას არ დაექვემდებარება. ძველი კანონის მიხედვით პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა წყლის ფონდის მიწა, გარდა მეთევზეობის ხელოვნური ტბორებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული საერთო წყალსარგებლობის კატეგორიის მიწისა. კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ პრივატიზებას არ დაექვემდებარება მხოლოდ წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყელი – მკაცრი რეჟიმის ზონა. 

ახალი კანონის მიხედვით აუცქიონის ფორმით პრივატიზებისას შესაძლებელია საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფება. ასევე გამარტივდა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესი, კერძოდ, შემცირდა პრივატიზების საფუძვლად წარსადგენ დოკუმენტთა რაოდენობა. საიჯარო მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის საკმარისია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა. ამასთანავე, მოიხსნა შეზღუდვა სასამართლო დავასთან დაკავშირებითაც.  იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე სასამართლო დავის არსებობისას საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მიწის ნაკვეთების პრივატიზება დაუშვებელი იყო. ახალი კანონის მიხედვით ეს შეზღუდვა გაუქმდა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს მიენიჭათ უფლებამოსილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საიჯარო ხელშეკრულებაში დადგენილი წესით ცვლილებებისა და დამატებების შეტანაზე, ასევე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტასა და მოშლაზე და სასოფლო მიწის იჯარით გაცემის პროცედურის დასრულებაზე. 

გაუქმდა კანონის მე-4 თავი, რომელიც აწესრიგებდა პრივატიზებული სასოფლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების და იპოთეკის უფლებათა რეგისტრაციის წესს.  ეს საკითხები დარეგულირდება “უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.