HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

31.07.2007 ასოციაცია უძრავი ქონების ამგეგმავთა და შემფასებელთა სერტიფიცირებას განახორციელებს


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია შეიმუშავებს უძრავი ქონების ამგეგმავთა და შემფასებელთა სერტიფიცირების პროგრამებს, რომელთა საფუძველზეც ამ სფეროში მომუშავე ნებისმიერ კომპანიას და დამოუკიდებელ სპეციალისტს საშუალება ექნება მიიღოს მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სერტიფიცირების პროგრამები შემუშავდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტის საფუძველზე. პროექტის - უძრავი ქონების ამგეგმავთა და შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამები - ფარგლებში დაგეგმილია ასოციაციის ბაზაზე ამგეგმავთა და შემფასებელთა დამოუკიდებელი ქვედანაყოფის და შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელთა შემადგენლობაშიც შევლენ კვალიფიციური სპეციალისტები და ექსპერტები.

სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ დღეისათვის საქართველოში მოქმედ ამგეგმავთა და შემფასებელთა კომპანიებთან, დამოუკიდებლად მომუშავე სპეციალისტებთან და მომხმარებლებთან, ჩაატარებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, შეისწავლიან 
საერთაშორისო გამოცდილებას, დაამყარებენ კონტაქტებს აგეგმვისა და შეფასების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმუშავებენ ამ ორგანიზაციებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის გაწევრიანების მიზნით, პროგრამის მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას აგეგმვისა და შეფასების თანამედროვე სტანდარტების, არსებული მეთოდების და ტექნოლოგიების, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინსტრუქციების შესახებ.

სამუშაო ჯგუფები ასევე მოამზადებენ შესაბამის ტესტებს თეორიული და პრაქტიკული კითხვებით. თითოეულ კითხვას მიენიჭება კოეფიციენტი, რომელიც გამოიყენება საბოლოო ქულის დასათვლელად. სამუშაო ჯგუფები შეიმუშავებენ შეფასების სისტემას და განსაზღვრავენ სირტიფიკატის მისაღებად საჭირო მინიმალურ ქულას. ტესტირების წესები და ტესტების ნუმუშები გამოქვეყნდება წინასწარ და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. საჭიროების შემთხვევაში მომზადდება და განხორციელდება ტრენინგის პროგრამები მიზნობრივი ჯგუფებისათვის.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ამგეგმავთა და შემფასებელთა მონაცემთა ბაზა, რომელიც განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე. მომხმარებელს საშუალება ექნება ვებ-გვერდზე გაეცნოს ამგეგმავთა და შემფასებელთა რეიტინგებს.

სერტიფიცირების პროგრამებში მონაწილეობა ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ სფეროებში მომუშავე ნებისმიერი პირისათვის. სერტიფიცირების პროცესი იქნება ნებაყოფლობითი. იმ კომპანიებს ან სპეციალისტებს, რომლებიც მონაწილეობას არ მიიღებენ სერტიფიცირების პროგრამებში, შეეძლებათ ჩვეულებრივ გააგრძელონ საქმიანობა უძრავი ქონების ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში ასეულობით დამოუკიდებელი ამგეგმავი და შემფასებელი, ასევე ათეულობით კერძო კომპანია მუშაობს, მათი მომსახურება ვერ აკმაყოფილებს უძრავი ქონების სფეროში დღეს არსებულ მოთხოვნებს.
 
აგეგმვისა და შეფასების პროფესიული სტრუქტურების ჩამოყალიბება და სერტიფიცირების პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში უძრავი ქონების აგეგმვისა და შეფასების სფეროებში შექმნილი ქაოსური სიტუაციის მოწესრიგებას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას.