HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

18.07.2007 სახელმწიფო თვითნებურად დაკავებულ მიწებს აკანონებს


ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ მოითხოვონ  საკუთრების უფლების დაკანონება მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწებზე.

11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ", რომელიც სახელმწიფოს მიერ აღნიშნულ მიწებზე საკუთრების აღიარების ძირითად პრინციპებსა და პირობებს ადგენს.

კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწების ცნებებს და ადგენს თითოეულ მათგანზე საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივ რეჟიმს.

მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა - სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1999 წლის 1 იანვრამდე.

სარგებლობაში არსებული მიწა - სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა ორგანიზებულმა წარმონაქმნმა სარგებლობის უფლება მოიპოვა 1998 წლის 12 ნოემბრამდე, ან ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში აქვს 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა დამფუძნებელიც არის სახელმწიფო.

თვითნებურად დაკავებული მიწა -ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სპეციალურ კომისიას უნდა წარუდგინოს განცხადება, მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად და პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

კომისია განცხადებას განიხილავს 1 თვის ვადაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ.

სარგებლობაში არსებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას.

რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს, იგი სასოფლო და არასასოფლო მიწებზე განსხვავებულია და შეადგენს:

- სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას;

- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ორასმაგ ოდენობას, მაგრამ თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ორასმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის მოქმედ მიწის ნორმატიულ ფასს.

საკუთრების უფლების აღიარების საფასური გადახდილი უნდა იქნეს ერთიანად.

საკუთრების უფლების აღიარებას არ დაექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პირუტყვის გადასარეკი ტრასა, წყლის ფონდი, დაცული ტერიტორიები, ისტორიული, კულტურის, ბუნების და საკულტო-რელიგიური ძეგლები, მოედნები, ქუჩები და გადასასვლელები, სანაპიროები, ისეთი ტერიტორიები, რომლებზედაც განთავსებულია  წყალსაცავები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სასაფლაოები და პანთეონები, ასევე კანონით განსაზღვრული სხვა კატეგორიიის მიწები. 

კანონი ამოქმედდება “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედების შემდეგ, რომელიც პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს 2007 წლის 15 სექტემბრამდე.

კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდება საქართველოს კანონი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ”.