HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

18.07.2007 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასოციაციასთან თანამშრომლობას აგრძელებენ


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგეობებთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში  ამზადებს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო მიწის საპრივატიზები გეგმების შემადგენელი მიწის ნაკვეთების დეტალურ საკადასტრო აზომვით ნახაზებს. 

საპრივატიზებო გეგმების მომზადების და ამ გეგმების ადგილობრივი საკრებულოების, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო საკუთრების მიწის იმ ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, რომლებიც სპეციალურ და ღია აუქციონებზე უნდა გაიყიდოს. ამ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებისთვის საჭიროა დეტალური აზომვითი ნახაზების შედგენა, რომელთა მომზადებაზეც პასუხისმგებელია საკრებულო.

საპრივატიზებო გეგმები საქართვლოს სხვადასხვა რეგიონის 500-ზე მეტი საკრებულოსათვის მომზადდა ასოციაციის მიერ უსასყიდლოდ, მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში. საპრივატიზებო გეგმებში აისახა სახელმწიფო საკუთრების მიწები, მათ შორის, იჯარით გაცემული ნაკვეთები და იჯარით გაუცემელი მიწები, მათი ადგილმდებარეობა, საზღვრები და დაახლოებითი ფართობი.

ითვალისწინებენ  რა მიწის მესაკუთრეთა ულებების დაცვის ასოციაციის საკადასტრო სამუშაოების შესრულების გამოცდილებას და ხარისხს, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აგრძელებენ ასოციაციასთან თანამშრომლობას საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე აზომვითი სამუშაოების შესასრულებლად.

მიწის ნაკვეთების დეტალური გეგმების მომზადების გარდა, ზოგიერთ რაიონში ასოციაცია ახორციელებს საპრივატიზებო გეგმების განახლებას და რუკებზე იმ მიწის ნაკვეთების დატანას, რომლებიც თავდაპირველად არ იყო შეტანილი საპრივატიზებო გეგმაში, აგრეთვე იმ საიჯარო მიწის ნაკვეთების დატანას, რომლებიც ექვემდებარება ღია აუქციონის წესით პრივატიზებას.

დღეისათვის ასოციაციასთან აღნიშნული სამუშაოების შესრულების შესახებ  კონტრაქტი დადებული აქვს 15-ზე მეტ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობას სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში.  კონტრაქტებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომამდე უნდა დასრულდეს.