HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

21.12.2006 მარნეულში შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა


20 დეკემბერს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრისა და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით მარნეულში ჩააატარა შემაჯამებელი კონფერენცია რაიონში მიმდინარე პროექტის – უფასო იურიდიული კონსულტაციები ადგილობრივი მოსახლეობისათვის/საზოგადოების ინფორმირება – შედეგების შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.  

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ  მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთობლივი ოფისის - მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა მიერ შესრულდა მნიშვნელოვანი სამუშაოები მიწის კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევის, რაიონში არსებული მწვავე პრობლემების იდენტიფიცირების და ამ პრობლემების ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოგვარების გზების ძიების თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო ცენტრმა სამართლებრივი დახმარება გაუწია ასობით ადგილობრივ მოსახლეს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია, ჩაატარა მრავალი საჯარო შეხვედრა როგორც რაიონის სოფლებში, ასევე საკონსულტაციო ცენტრში მრგვალ მაგიდასთან, სადაც ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის, მელიორაციისა და ელექტროენერგეტიკის სისტემის მოწესრიგებაზე, საპასპორტო და  მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახურის სისტემისა და საჯარო რეესტრის მომსახურების გაუმჯობესებაზე; გაავრცელა ბუკლეტები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა ადგილობრივი მოსახლეობისათვის საინტერესო საკითხებზე.

ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა, მარნეულის რაიონის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადეს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას და დონორ ორგანიზაციებს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნეს, რომ რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე ქმედუნარიანი ორგანიზაციაა. აღინიშნა, რომ საჭიროა პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაგრძელება, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საკონსულტაციო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამართლებრივი დახმარების გაგრძელება, ცენტრის საქმიანობის განვრცობა რეგიონის მასშტაბით და მისი ჩამოყალიბება რეგიონში ბიზნესის მხარდამჭერ და საინფორმაციო ერთეულად, ფასიანი საადვოკატო მომსახურება და ადგილობრივი ეკონომიკური სამსახურების დახმარება რეგიონის ეკონომიკის დაგეგმვის საკითხებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა ნინო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროექტი იყო საცდელი ეტაპი, რომლის მიზანი იყო რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების გამოკვეთა. დონორი ორგანიზაციები თვლიან, რომ პროექტი წარმატებულია. მომავალში იგეგმება პროექტის გაგრძელება და  სავარაუდო გაფართოება რეგიონის მასშტაბით.