HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი იძულებით გადაადგილებული პირების კომპაქტური დასახლებისთვის მიწის ნაკვეთების მოძიება და რეგისტრაცია კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის რაიონებში

განხორციელების ადგილი: კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის რაიონები

განხორციელების ვადა: სექტემბერი, 2008 – დეკემბერი, 2008

დაფინანსების წყარო: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი


პროექტის მოკლე აღწერა:

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად შიდა ქართლის ათი ათასობით მოსახლე იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, სავარაუდოა, რომ მათი ნაწილის დაბრუნება ახლო მომავალში შეუძლებელი იქნება.

იძულებით გადაადგილებული პირების ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის რაიონებში იძულებით გადაადგილებული პირების სოფლების გაშენების და დევნილთათვის საკარმიდამო და სასოფლო მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია შესაბამისი დიდი ფართობის მიწის ნაკვეთების მოძიება, მათი საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებად დაყოფა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს დევნილი მოსახლეობის დასახლებების მშენებლობისათვის საჭირო წინასწარ სამუშაოებს. ასოციაცია გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზებისა და აერო-ორთოფოტოების გამოყენებით უზრუნველყოფს საპროექტო ტერიტორიაზე დიდი ფართობის ისეთი მიწის ნაკვეთების მოძიებას, სადაც შესაძლებელია იძულებით გადაადგილებული პირების სოფლების გაშენება. გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტები აანალიზებენ მოძიებული მიწის ფართობების მდებარეობას საერთო სარგებლობის გზებთან მისადგომობის, საკომუნიკაციო სისტემებში და ელექტროქსელებში ჩართვის შესაძლებლობის და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ასევე შეისწავლიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს და განსაზღვრავენ იმ ოჯახების რაოდენობას, რომელთა დასახლებაც შესაძლებელია ამ ტერიტორიებზე. 

მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ყველაზე ყელსაყრელ მიწის ნაკვეთებზე დევნილთა საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობის თაობაზე.

შერჩეულ  მიწის ფართობებზე ხორციელდება საველე-საკადასტრო სამუშაოები: მიწის ფართობები იყოფა საკარმიდამო, საერთო სარგებლობის და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებად, ზუსტდება თითოეული ნაკვეთის საზღვრები და მზადდება საკადასტრო გეგმები. საველე-საკადასტრო სამუშაობის დასრულების შემდგომ ასოციაცია უზრუნველყოფს თითოეული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

პროექტის განხორციელება და დევნილთა სოფლების გაშენება ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას; მათ დასაქმებას და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვას და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას.