HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: უძრავი ქონების ამზომველთა და შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამების შემუშავება

განხორციელების ადგილი: საქართველო

განხორციელების ვადა: ივლისი, 2007 – ნოემბერი, 2008

დაფინანსების წყარო: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი


პროექტის მოკლე აღწერა:

უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი საქმიანობების რაოდენობა. დღეისათვის მთელი რიგი პროფესიული საქმიანობების, მათ შორის, უძრავი ქონების აგეგმვისა და შეფასების განხორციელება ლიცენზირებას აღარ ექვემდებარება და თვითრეგულირების პრინციპს ეფუძნება. პროფესიული საქმიანობის თვითრეგულირების პრინციპის ამოქმედების შემდეგ  აუცილებელია კონკრეტულ სფეროებში არასახელმწიფო პროფესიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რომლებიც განახორციელებენ შესაბამისი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, სერტიფიცირებას და მათ მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში ასეულობით დამოუკიდებელი ამგეგმავი და შემფასებელი, ასევე ათეულობით კერძო კომპანია მუშაობს, მათი მომსახურება ვერ აკმაყოფილებს უძრავი ქონების სფეროში არსებულ მოთხოვნებს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქართველოში ამგეგმავთა და შემფასებელთა დამოუკიდებელი ინსტიტუტების და სერტიფიცირებული სპეციალისტების არსებობა სულ უფრო საჭირო ხდება.

უძრავი ქონების ბაზარზე ამგეგმავთა და შემფასებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტმა გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება ამგეგმავთა და შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამები. 

პროექტის ფარგლებში ასოციაციის ბაზაზე იქმნება ამგეგმავთა და შემფასებელთა დამოუკიდებელი ქვედანაყოფი და შესაბამისი სამუშაო ჯგუფები კვალიფიციური სპეციალისტებისა და ექსპერტების შემადგენლობით. ეს ჯგუფები მუშაობენ საქართველოში მოქმედ ამგეგმავთა და შემფასებელთა კომპანიებთან, დამოუკიდებლად მომუშავე სპეციალისტებთან და მომხმარებლებთან, ატარებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, ეცნობიან  საერთაშორისო გამოცდილებას, ამყარებენ კონტაქტებს აგეგმვისა და შეფასების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მათი გამოცდილების გაზიარების და ამ ორგანიზაციებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის გაწევრიანების მიზნით, პროგრამის მონაწილეებს აწვდიან ინფორმაციას აგეგმვისა და შეფასების თანამედროვე სტანდარტების, არსებული მეთოდების და ტექნოლოგიების, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინსტრუქციების შესახებ.

სამუშაო ჯგუფები ასევე ამზადებენ შესაბამის ტესტებს თეორიული და პრაქტიკული კითხვებით და შეიმუშავებენ შეფასების სისტემას. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია მიზნობრივი ჯგუფებისათვის ტრენინგის პროგრამების მომზადება და განხორციელება.

პროექტის ფარგლებში ასევე იქმნება ამგეგმავთა და შემფასებელთა მონაცემთა ბაზა სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსების მიზნით. მომხმარებელს საშუალება ექნება ვებ-გვერდზე გაეცნოს ამგეგმავთა და შემფასებელთა რეიტინგებს და შეაფასოს მათ მიერ გაწეული მომსახურება.

სერტიფიცირების პროგრამებში მონაწილეობა ხელმისაწვდომია აღნიშნულ სფეროებში მომუშავე ნებისმიერი პირისათვის. პროგრამებში მონაწილეობის შედეგად ნებისმიერ სპეციალისტს საშუალება აქვს მიიღოს მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სერტიფიცირების პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს საქართველოში უძრავი ქონების აგეგმვისა და შეფასების სფეროებში შექმნილი ქაოსური სიტუაციის მოწესრიგებას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და აგეგმვისა და შეფასების ერთიანი საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას.